მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, გამოვლენილი ონკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევის მესამედის პრევენცია შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით, – თამბაქოს მოხმარების თავიდან აცილება (როგორც პასიური, ასევე აქტიური); ფიზიკური აქტივობა; ჯანსაღი კვება; სკრინინგ პროგრამებში მონაწილეობის მიღება და ა.შ.
მინდა, თქვენი ყურადღება ჯანსაღ კვებაზე შევაჩერო, უფრო კონკრეტულად კი იმ საკვებ პროდუქტებზე, რომლებიც თავიანთი უნიკალური თვისებებით კიბოს პრევენციას ახდენენ. რომელი პროდუქტები ებრძვიან კიბოს უჯრედებს და რამდენად მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად? – ამ საკითხებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა მოგვითხრობს.
– ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლა ბევრად უფრო რთულია ვიდრე პრევენციის გატარება, მეცნიერების დასკვნით ცნობილია, რომ სამყაროში არსებული დაავადებების დაახლოებით, 70% ვითარდება არასწორი კვებით და არსებული დაავადებების დაახლოებით 60-65% -ის განკურნება შესაძლებელია სწორი კვებით. სწორი კვების პრინციპებით ჩვენ შეიძლება მოვახდინოთ ბევრი დაავადების პრევენცია და მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების, კიბოს გამომწვევი შეიძლება, ბევრი რამ იყოს (გენური ინჟინერია, კონსერვანტები, ემულგატორები, დაბინძურებული გარემო და ა.შ).
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კიბოს ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი არასწორი კვებაა.
არსებობს გარკვეული ნივთირერებები, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმში სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ანუ ანტიოქსიდანტური ეფექტის მქონე ნივთიერებები და ამ ნივთიერებებს შეიცავს ზოგიერთი საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით კი მკვეთრი ფერის მქონე ხილი და ბოსტნეული, მაგ: პომიდორი, კურკუმა, ჟოლო, ყურძენი და ჭარხალი
პომიდორი
პომიდორში არის ნივთიერება, რომელსაც ლიკოპენი ქვია, სწორედ ამ ნივთიერებას უკავშირებენ მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც თავისი ანტიოქსიდანტური ეფექტით უსწრებს ვიტამინ ა-ს და ბეტა-კაროტინს, ასეთივე პიგმენტი, სხვათა შორის, წითელ წიწაკაშიცაა. პიგმენტი ნარჩუნდება როგორც ცოცხალ პროდუქტში, ასევე კეტჩუპებში, ტომატებში, პომიდვრის წვენში და სოუსებშიც. კვლევამ დაადასტურა, რომ პომიდვრის ტომატით დამზადებული საკვების მიღება ყოველდღიურად მთელი თვის განმავლობაში პროსტატის კიბოს რისკს 20%-ით ამცირებს.
კურკუმა
კურკუმას შემადგენლობაში შედის აქტიური ინგრედიენტი სახელწოდებით “კურკუმინი”. ის აფერხებს კიბოს განვითარებას ქრონიკული დაავადების უჯრედულ-სასიგნალო ასპექტებში ჩარევით. კურკუმინი აფერხებს ისეთი კიბოს სახეობების განვითარებას, როგორიცაა ძუძუს, ფილტვის, კუჭის, ღვიძლის, ნაწლავის კიბო და ა.შ.
ჟოლო
ჟოლო დიდი ხანი ცნობილია, რომ გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო ფიტონუტრიენტებით. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მჟავა და ანთებითი პროცესების განვითარების შეფერხებაში, რითაც ასევე ხელს უშლიან კიბოს უჯრედების გავრცელებას ადამიანის ორგანიზმში. ჟოლოში ასევე დიდი რაოდენობითაა ელაგინის მჟავა, რომელიც სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო ეფექტით გამოირჩევა და ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს აცეტილსალიცილის მჟავას (ასპირინი).
ყურძენი
ყურძენში შემავალი ნივთიერების – რესვერატროლის წყალობით ყურძენს შეუძლია არა მხოლოდ თავიდან აგაცილოთ სიმსივნის წარმოქმნა, არამედ შეებრძოლოს ამ მავნე დაავადებას. როგორც მეცნიერები ამტიცებენ, ყურძენი გამორჩეულად ქმედითია კუჭის, ნაწლავებისა და მკერდის სიმსივნის დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა წითელი და შავი ყურძნის ჯიშები. ამ შემთხვევაში ძალიან სასარგებლოა ყურძნის ჭამა კანიანად და კურკებიანად (მათში განსაკუთრებით ბევრია რესვერატროლი).
ის ასევე დიდი რაოდენობითაა მშრალ წითელ ღვინოსა და კონცენტრირებულ ყურძნის წვენში. მეცნიერთა თქმით, ყოველ დღე ერთი ჭიქა ღვინის მიღება 20%-ით ამცირებს კიბოს წარმოქმნის რისკს. მკურნალობის პერიოდში კი ღვინის შემადგენლობაში არსებული ანტიოქსიდანტი უჯრედებს ჯანმრთელობას უნარჩუნებს, იცავს ორგანიზმს რადიაციისგანაც.
ჭარხალი
ჭარხალს ავთვისებიან სიმსივნეებთან ბრძოლისას მთავარ ბოსტნეულად მიიჩნევენ. მეცნიერთა მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სპეციალური ნივთიერება, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს სიმსივნეზე (ანტოციანების წითელი პიგმენტები) 8-ჯერ მეტია ჭარხალში, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბოსტნეულში! გარდა ამისა, ჭარხალი განსაკუთრებით მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლში PH-ის ნორმალიზაციის პროცესებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ჭარხალი, რომელიც წითელი ფერითაა გაჯერებული, თეთრი წრეების გარეშე.
ნინო წიფურია (წყარო: https://www.kvirispalitra.ge)