სოციალურ ქსელში საქართველოს “ფისომოყვარულთა ჯგუფის” ერთ-ერთი წევრის, გიორგი ლეკიაშვილის პოსტი გავრცელდა, რომელშიც არწერილია, თუ როგორ ემსხვერპლა მისი კატის სიცოცხლე ვეტ-ექიმის დაუდევრობას და მრავალჯერ დასმულ არასწორ დიაგნოზს და მკურნალობას.
გთავაზობთ პოსტს უცვლელად:
“ჩემი ტომი, ჩემი პატარა ბიჭი გაფრინდა გუშინ ცისარტყელაზე… ბევრი წვალებების და ცდის შემდეგ, ვეღარ გაუძლო. ყველამ, ვინც ჩვენ გვულშემატკივრობდა, იცის სიტუაცია, თუმცა, ვინც არ იცის, ამ პოსტის სახით, შევეცდები მოკლედ გაგიზიაროთ რა და როგორ მოხდა:
მიმდინარე წლის 12 აპრილს, შუა ღამისას, ტომის მარჯვენა თვალი გაუსივდა და გუგა მთლიანად გაუფართოვდა (იქამდე ვმკურნალობდით თვალზე, რადგან უმნიშვნელო ლიბრი გაჩნდა, რომლის ალაგებაც 1.5 თვე ვერანაირად ვერ შევძლელით. ჰქონდა აშკარად გამოხატული ტკივილებიც).
წავიყვანე მაშინვე ლაგოვსკის კლინიკაში, სადაც მითხრეს, რომ იყო გლაუკომა (თვალის წნევის გაზრდა) და თვალის შიდა სისხლდენა. თუ ენუკლეაციას (თვალის ამოღება) არ ჩავატარებდით, კატა მოკვდებოდა.
ცხადია, ტომის სიცოცხლე უწინარეს ყოვლისა იყო და დავეთანხმე. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა ექიმს არ გამოუწერია არცერთდღიანი ანტიბიოტიკების კურსი. დაგვიბარა 10 დღის შემდეგ ქუთუთოს გასაკერად. გავიდა 10 დღე და მივედით, გაკერა ქუთუთო და არც მის მერე გამოუწერია ანტიბიოტიკების კურსი.
ტომი 1 თვეში გამოკეთდა და ადაპტაციაც შეძლო. თვალიდან კი ისევ რჩებოდა მოყვითალო გამონადენი.შემოწმების მიზნით, 1 ივნისს ისევ მივედით ლაგოვსკის კლინიკაში, და საქმის კურსში ჩავაყენეთ მკურნალი ექიმი აღნიშნულ მდგომარეობაზე. პასუხი: “ყველაფერი ჯიგრულადაა, გამონადენი იმიტომაა, რომ საცრემლე ჯირკვალი არ არმომიღია”. სახლში წამოვედით.
4 დღეში ტომის უკანა თათებზე დაეწყო სერიოზული პრობლემები. ჰქონდა მკვეთრად გამოხატული დისორიენტაცია – ხან მარცხნივ, ხან კი მარჯვნივ უვარდებოდა უკანა წელი. წავედით კვლავ ლაგოვსკის კლინიკაში. ექიმმა ჩათვალა, რომ ზურგის ტვინს რაღაც პათოლოგიური წანაზარდი აწვებოდა და საჭირო იყო კონტრასტული რენტგენი, სამედიცინო საღებავის – ომნიპაკის ნარკოზის ქვეშ უკანა წელში შეყვანის გზით. დავეთანხმე. შევიყვანეთ სითხე და არაფერი არ აღმოჩნდა რენტგენის სურათებზე. ამის მერე, ექიმის აზრით, ჯერ მარცხენა ფეხში, მერე კი გადაწყვეტილება შეცვალა და მარჯვენაში პულსაცია არ იყო (უკანა თათები იყო ცივი).
კითხვაზე, რა იყო დიაგნოზი, მიპასუხა რომ ორივე ფეხში იყო თრომბები. ჩავეკითხე, უეჭველი-მეთქი და მიპასუხა: 100%-იო. დაიწყო თრომბის დამშლელი და სისხლის გამათხელებელი ინექციების მიცემა. მე-3 დღეს, მე-3 ინექციის შემდეგ არანაირი პროგრესი არ გვქონდა. პირიქით, ტომის გაუკავდა და გაუმაგრდა წინა თათები. კისერი ჩაუვარდა და ვეღარ ამოძრავებდა. რა თქმა უნდა, მოვახსენე აღნიშნულის შესახებ ექიმს. მან კი გადაწყვიტა: არა, თრომბები არ არის. ეს არის ატლანტოაქსიალური არასტაბილურიბა კისრის არეში, გავაკეთებ ოპერაციას და ვუშველითო. მაჩვენა რენტგენის სურათებზე, მისი აზრით, არსებული ატლანტო-აქსიალური არასტაბილურობა.
საღამოს სახლში წამოვედით. რენტგენის ფოტოები ამერიკის შეერთებულ შტატებს და ისრაელის წამყვანი კლინიკების ექიმებს გადავუგზავნე, საქართველოშ კი 2 ქირურგს და 2 რადიოლოგს. ყველას პასუხი იყო ცალსახა: კისრის არეში არანაირი პრობლემა არ არის, მით უფრო არ არის ატლანტო-აქსიალური არასტაბილურობაო. ამერიკის ექიმებმა კი მომწერეს: სასწრაფოდ მომეძებნა სხვა ვეტ-ექიმი, რაც მე-2 დღეს გავაკეთე…
ამასობაში, სანამ ტომის დიაგნოზზე მკითხაობა და მთელი რიგი ექსპერიმენტები მიმდინარეობდა, ჩემი ფისო ისე დასუსტდა და წავიდა ხელიდან, რომ ერთი გვერდიდან მეორეზეც ვეღარ ტრიალდებოდა. წინა თათებისა და კისრის დაჭიმულობამ საშინელ პიკს მიაღწია და ვატყობდი, ტკივილები ძალიან დიდი იყო.
ახალ კლინიკაში გულიანად მიგვიღეს, გულთან მიიტანეს პრობლემა და რაც კი რაიმე შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს ტომის გადასარჩენად. ვარაუდი გაჩნდა მენინგო-ენცეფალიტის (მენინგეალური შრეების დაზიანების, ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციისა და შესაბამისად, ომნიპაკის შეყვანით გამოწვეული გვერდითი ეფექტების).
ტომიმ 15 დღის განმავლობაში მიიღო გადასხმები, რამაც მას სულ ოდნავ, მაგრამ მაინც, სიცოცხლისუნარიანობა დაუბრუნა. ყოველდღე 5-6 საათი ინტერვალის გარეშე კლინიკაში ვიყავით. დავიწყეთ მკურნალობა ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და მკვდარი უჯრედების აღდგენაზე. თუმცა, უკვე გვიანი იყო.
ამასობაში, ისრაელის ექიმმა მომწერა შემდეგი: ეს არის ბაქტერიული მენინგო-ენცეფალიტი, რაც გამოწვეულია ამოღებული თვალიდან შესული ბაქტერიით. ქართველმა ექიმებმა ამ დასკვნის გამოტანას თავი აარიდეს. კითხვაზე, რას შეიძლებოდა გამოეწვია ეს პრობლემა, პასუხად უცხოელი ექიმისგან მივიღე, რომ თვალის ამოღების შემდეგ ანტიბიოტიკების მხოლოდ ოპერაციის დროს გაკეთება არ კმარა! ამასთან, გლაუკომით ცხოველი ერთ ღამეში არ კვდება და არც თვალის შეიდა სისხლდენითო…
დიდი ბრძოლის შემდეგ, ტომის გუშინწინ ჟანგბადის ნაკლებობა დაეწყო და საკვებს საერთოდ ვეღარ იღებდა. მაშინვე სუნთქვა ეკეტებოდა. გუშინ შუადღეს სასა გაუშავდა და კიდევ უფრო გაიშვიათდა სუნთქვა. ნახევრად გონზე მყოფი საბოლოოდ ჩავიკარი გულში და მადლობა გადავუხადე იმისათვის, რომ მასწავლა ყველაზე ძლიერი გრძნობის შესახებ, იმის შესახებ, რომ სიყვარული ყველაზე დიადი გრძნობაა, რაც ადამიანს შეუძლია განიცადოს. ის მხოლოდ 11 თვის იყო. ნახევარი ტკივილებში გაატარა, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე მე, რაც კი შემეძლო.
მასთან ერთად მოვკვდი მეც და მჯერა იმ ქვეყნად ოდესმე კიდევ ერთხელ ჩავიხუტებ გულში!
პ.ს. ეს პოსტი არავის კარიერულ დაღმასვლას და/ან ჩირქის მოცხობას არ ემსახურება. ჩემი გზავნილის მიზანია, ნათელი მოფინოს საქართველოში და კერძოდ, თბილისში არსებულ ძალიან ცუდ სიტუაციას ვეტერინარიის თვალსაზრისით. ვეტ-ექიმი ვალდებული და მოვალეა, გულთან მიიტანოს თითოეული პაციენტის მდგომარეობა და თუ არ შეუძლია სათანადო მკურნალობის ჩატარება, თამამად განუცხადოს ეს მფლობელებს! არცოდნა სირცხვილი არ არის! ცრუ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა – არის!
მეტად ჩაიკარით გულში თქვენი პატარები და ყოველთვის გაეცანით მათზე ჩატარებული მკურნალობის თითოეულ დეტალს. ისინი ძლიერები, მაგრამ მაინც ძალიან სათუთი არსებები არიან! მათზე ცდები არ უნდა ტარდებოდეს! და აუცილებლად მოსთხოვეთ ვეტერინარებს წერილობითი ფორმით მოგაწოდონ ყველა ის პრეპარატი, თუ მიდგომა, რაც თქვენი ცხოველების სამკურნალოდ გამოიყენეს…
მადლობა ყველას, ვინც ჩვენ გვგულშემატკივრობდა! “
აღნიშნულმა პოსტმა სოციალურ ქსელში და განსაკუთრებით კი, ჯგუფის წევრებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.