“დედას თავიდან უთხრეს, დაჭრილიაო… არ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა” – ვინ არიან გურამიშვილის გამზირზე მოკლული ახალგაზრდები?

საზარელი ტრაგედია დატრიალდა თბილისში, გურამიშვილის გამზირის 74 ნომერ-ში, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის მე-6 სართულზე, ერთ-ერთ ბინაში 2 ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს. როგორც გაირკვა, 21 და 27 წლის ბიჭები ცეცხლსასროლი იარაღით არიან გარდაცვლილები. ადგილობრივების ინფორმაციით, ცხედრები ერთ-ერთის – შაკო ტყემალაძის მამამ ნახა. მეორე გარდაცვლილი გურამ (გუგა) კოღუაა.
“ეს სახლი შაკო ტყელამაძის იყო, როგორც ვიცი, მშობლებმა უყიდეს, სწორედ მისმა მამამ ნახა გარდაცვლილები. ამბობენ, თავში აქვთ ტყვია მოხვედრილიო. სავარაუდოდ, მკვლელობა 7-8 საათისთვის მოხდა, თუმცა კორპუსში სროლის ხმა არავის გაუგია”, – განაცხადა კორპუსის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
როგორც გარდაცვლილი შაკო ტყემალაძის ახლობელმა kvirispalitra.ge-სთან განაცხადა, გარდაცვლილები ბინაში მართლაც შაკო ტყემალაძის მამამ, გრიგოლ ტყემალაძემ ნახა, რომელიც მას მერე, რაც ვაჟმა კარი არ გაუღო, ბინაში სათადარიგო გასაღების გამოყენებით შევიდა.
“შაკო უცხოეთში, გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად იყო წასული, ახალი ჩამოსულია უცხოეთიდან. ბინა, სადაც ეს საშინელება მოხდა, სწორედ მისი ჩამოსვლისთვის გაარემონტეს და ბიჭს დაახვედრეს, სადაც წინა დღეს სუფრაც ჰქონიათ გაშლილი. დედ-მამაც იქვე ახლოში ცხოვრობს. შაკოს უთქვამს მშობლებისთვის, სახლს მივალაგებ და მერე გადმოვალო… როგორც ამბობენ, რომ აღარ გამოჩნდა და ტელეფონზეც არ პასუხობდა, მამა იმიტომ წავიდა ამბის გასაგებად. კარი რომ არავინ გაუღო, სათადარიგო გასაღებით გახსნა და ისე შევიდა. ჰოდა, ეს საშინელება დახვდა. თურმე ორივეს ტყვია აქვს მოხვედრილი. როგორც თქვეს, მკვლელობის იარაღი იქვე ეგდო. არავინ იცის რა მოხდა. ვის უნდა გაემეტებინა ასე სასტიკად ბიჭები. შაკო გამორჩეული ახალგაზრდა იყო. ფიზიკურადაც ძალიან კარგი, უჭკვიანესი, ის ჩემს თვალწინ გაიზარდა, წარმატებული ბიჭი იყო. სულ განათლების მიღებაზე ორიენტირებული. ოჯახიც საუკეთესო აქვთ. მამამისს ბიზნესი აქვს და ეკონომიკურადაც არ უჭირთ. ვინ და რატომ გაიმეტა ისინი, არ ვიცით. მის მეგობარს არ ვიცნობდი, ამბობენ ლისზე ცხოვრობს მისი ოჯახიო, ის ბიჭიც თურმე სასწავლებლად გერმანიაში იყო წასული და იქიდან ყოფილა ჩამოსული. წარმოუდგენელია, შაკოს მტერი ჰყოლოდა. მამამისი მაშინვე წაიყვანა პოლიციამ დაკითხვაზე… დედამისს თავიდან უთხრეს, დაჭრილიაო, რის მერე გაუთავებლად ურეკავდა, არ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა. გაოგნებულები და განადგურებულები ვართ. იმედია გამოძიება დაადგენს სიმართლეს “, – გვითხრა ოჯახის ერთ-ერთმა ახლობელმა, რომელიც ცხედრების პროზექტურაში გადასვენებამდე იქ იყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ცხედრებთან ერთად დახვდათ ცეცხლსასროლი იარაღი, სავარაუდოდ, სწორედ ამ იარაღიდან გასროლით არიან ისინი მოკლულები. სწორედ ამის გამო გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა ერთერთს გაუვარდა იარაღი, მეორეს მოხვდა და მერე მომხდარით შეძრწუნებულმა თავი მოიკლა. კიდევ ერთი ვერსიით, ბიჭები მოკლულები არიან, თუმცა რა მოტივით, უცნობიადიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები და ჩვენი ინფორმაციით, ამოღებულია მტკიცებულებები, რაც გამოძიებას დანაშაულის გახსნაში დაეხმარება. ალბათ გამოძიება დაადგენს იმასაც, თუ ვის ეკუთვნოდა ცეცხლსასროლი იარაღი. 

რა ჩვენება მისცა გამოძიებას ტყემალაძის მამამ, ეს დეტალები ჯერ არ ხმაურდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მხოლოდ ის დაგვიდასტურეს უწყებაში, რომ ერთ გარდაცვლილს ნატყვიარი თავის არეში აქვს. ექსპერტიზის შემდეგ ცხედრებს სახლებში გადაასვენებენ. 
მეზობლების თქმით, კორპუსში ყველა მხარეს აყენია ვიდეო კამერები და ეს მასალები ალბათ გაიშიფრება.

წყარო: kvirispalitra.ge

იტვირთება...

დააჭირე «მომწონს» რათა კიდევ ნახო მსგავსი სტატიები Facebook-ზე ↓

დატოვეთ თქვენი კომენტარი:
“დედას თავიდან უთხრეს, დაჭრილიაო… არ იჯერებდა, რომ შვილი ცოცხალი აღარ ჰყავდა” – ვინ არიან გურამიშვილის გამზირზე მოკლული ახალგაზრდები?
×
დააჭირე «გაწევრიანებას», რათა კიდევ წაიკითხო მსგავსი სტატიები Facebook-ზე!